Выберите регион
  • წყალი ბორჯომის ხეობიდან
  • ბუნების ძალა
  • ბორჯომის ისტორია
  • Ge
  • Ru
  • En
  • ისტორია
  • მუზეუმი
  • ეტიკეტი და ბოთლები

ისტორია

სანდო წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ უნიკალური მინერალური წყლის “ბორჯომის” ისტორია თითქმის 2000 წელიწადს ითვლის. ბორჯომის ხეობაში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქვისა და ხისგან გაკეთებული რამდენიმე აუზი და აბანოიქნა აღმოჩენილი. ზოგიერთი ისტორიული მონაცემის თანახმად, ძველ დროს მინერალურ წყალს მხოლოდ საბანაოდ იყენებდნენ, თუმცა უდიდესმა ქართველმა მეცნიერმა ივანე ჯავახიშვილმა დაამტკიცა, რომ უძველეს დროში მინერალური წყალი, თავისი სამედიცინო თვისებების გამო, სასმელადაც გამოიყენებოდა.

ბორჯომის ხეობაში მინერალური წყლის ხელახლა აღმოჩენა და მისი მნიშვნელობის წარმოჩენა თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში რუსეთის იმპერიის სამხედრო მოსამსახურეებს უკავშირდება. 1825 წლის გაზაფხულზე ხერსონის გრენადერთა პოლკი ბორჯომში განთავსდა. ერთხელ ჯარისკაცებმა მდინარე ბორჯომულას მარჯვენა სანაპიროზე ნაპრალიდან ვერტიკალურად ამომავალი წყარო აღმოაჩინეს და თბილი წყაროს წყალი პოლკის მეთაურს, პოლკოვნიკ პოპოვს მიუტანეს, რომელსაც კუჭის დაავადება აწუხებდა. მან თავის თავზე გამოცადა წყლის სამედიცინო თვისებები და შედეგმა იმდენად განაცვიფრა, რომ ბრძანება გასცა, წყარო ქვებით შემოეღობათ და მის ახლოს პატარა ქოხი აეშენებინათ. პოლკოვნიკი პოპოვი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც ურჩია თავის ახლობლებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ამ წყაროს წყალი დაელიათ.

1834 წელს, მას შემდეგ, რაც ფართოდ გავრცელდა ინფორმაცია “ბორჯომის” მინერალური წყლის სამკურნალო თვისებებზე, გორში განლაგებული ქართველ გრენადერთა პოლკის სამხედრო ექიმი ამიროვი ბორჯომს ეწვია, რათა ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობები ენახა. ჩასვლისთანავე, ექიმმა ამიროვმა გადაწყვიტა, უფრო დიდი ხნით დარჩენილიყო ბორჯომში, რათა უკეთ დაჰკვირვებოდა “ბორჯომის” წყლით ჯარისკაცების მკურნალობის შედეგს. ექიმი ამიროვი გახდა პირველი სამეცნიერო კვლევის ავტორი, სადაც მან დეტალურად აღწერა მინერალური წყლის სამკურნალო თვისებები.

1837 წელს “ბორჯომის” მინერალური წყლები ქართველ გრენადერთა პოლკის ადმინისტრირების არეალში მოექცა. ექიმმა ამიროვმა წყლის პირველი სინჯები სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში გაგზავნა.

1841 წლისთვის “ბორჯომის” მინერალური წყლების სამკურნალო თვისებები რუსეთში მთავარი სასაუბრო თემა გახდა. სწორედ ამან უბიძგა კავკასიის მთავარმართებლის, გენერალ-გუბერნატორ ევგენი გოლოვინის ქალიშვილს ბორჯომში ჩასულიყო. მართალია, ისტორიული წყაროები არ აზუსტებენ ინფორმაციას გენერლის ქალიშვილის დაავადების თაობაზე, მაგრამ ფაქტია, _ ის განიკურნა. ამ შემთხვევის გამო მინერალური წყლის პირველ წყაროს მის პატივსაცემად “ეკატერინსკი” ეწოდა, ხოლო იმავე პერიოდში ნაპოვნ მეორე წყაროს _ “ევგენიევსკი” _ თავად გენერალ-გუბერნატორის პატივსაცემად.

მე-19 საუკუნის 40-იან წლებში “ბორჯომის” მინერალურმა წყლებმა თავისი გამორჩეული თვისებებით ფართოდ გაითქვა სახელი რუსეთის იმპერიაში. ქალაქი ბორჯომი კი თანდათან ყალიბდებოდა სამთო-ბალნეოლოგიურ კურორტად და მისი პოპულარობა წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდებოდა. აშენდა ახალი სასახლეები, პარკები, ბაღები, ხიდები და სასტუმროები. სულ მალე ბორჯომი რომანოვების სამეფო დინასტიის საზაფხულო რეზიდენცია გახდა.

1890 წლიდან “ბორჯომის” წყაროს წყლის საწარმოო ჩამოსხმა დაიწყო.

1904 წ. შესაძლებელი გახდა “ბორჯომის” წარმოების ნაწილობრივი მექანიზაცია. მინის ჩაბერვა ჯერ კიდევ ხელით ხდებოდა, თუმცა ჩამოსხმა უკვე მექანიზებული გახდა. ამ წლით თარიღდება გაზეთში გამოქვეყნებული განცხადება “ბორჯომის” ვაგონებით გაყიდვის შესახებ”. წყლის ჩამოსხმა განუწყვეტლივ მიმდინარეობდა _ თუ 1854 წელს ბორჯომიდან სულ რაღაც 1350 ბოთლი იქნა გატანილი, 1905 წელს, ამ რიცხვმა 320 ათასი, 1913 წელს კი _ 9 მილიონი ბოთლი შეადგინა.

საქართველოს გასაბჭოებამ “ბორჯომის” პოპულარობას ხელი არ შეუშალა. შეიცვალა მხოლოდ დამსვენებელთა სტატუსი და ელიტა: რომანოვი სტალინმა შეცვალა, რომელსაც, აგრეთვე, ძალიან უყვარდა ეს წყალი. კრემლი “ბორჯომის” გარეშე არც ერთ ღონისძიებას არ ატარებდა.

1960-იანი წლების “დათბობამ” “ბორჯომს” კიდევ ერთი შანსი მისცა, სახელი საზღვარგარეთაც მოეხვეჭა. 1961 წ. მოხდა “ბორჯომის” 423 ათასი ბოთლის ექსპორტი მსოფლიოს 15 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, საფრანგეთსა და ავსტრიაში. 1980-იან წლებში “ბორჯომის” რეალიზაციამ 400 მილიონ ბოთლს გადააჭარბა. “ბორჯომი” ყველაზე პოპულარული მინერალური წყალი იყო მთელ საბჭოთა კავშირში.

1990-1995 წწ. “ბორჯომის” წარმოება საგრძნობლად შემცირდა შიდა ეკონომიკური სიძნელეების გამო. მაგრამ 1995 წლიდან მოყოლებული კომპანიამ «Georgian Glass & Mineral Water Co. N. V.» განაახლა ბორჯომის ჩამოსხმა ორ ჩამომსხმელ ქარხანაში, წყლის წარმოება 40-ჯერ გაიზარდა და დღეს ბუნების ამ ძვირფას საჩუქარს მსოფლიოს კიდევ 30 ქვეყანაში იცნობენ.

|Share
Borjomi Borjomi Channel
Developed by PCG.